2007 წლიდან ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. კონკრეტულად, სამეგრელოს რეგიონში ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მისი პრევენციის გზებზე, ჩავატარეთ ტრენინგების ციკლი მონაწილეთა სხვადასხვა ჯგუფისთვის (პოლიცია, სამედიცინო სფერო, განათლება, მედია, ფსიქოლოგები). ამის პარალელურად, აქტიურად ვეხმარებოდით ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და მათ შვილებს, ვუწევდით იურიდიულ დახმარებას, ვთავაზობდით პროფესიული გადამზადების კურსებს, ვმუშაობდით ქალების გაძლიერებაზე, ორგანიზაციის ახალგაზრდა მოხალისეების დახმარებით სასკოლო არდადეგების დროს ვატარებდით საზაფხულო თუ ზამთრის სკოლებს ბავშვებისთვის.
პროფესიონალებთან და ასევე ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში დაგროვილმა გამოცდილებამ და ასევე რეგიონში არსებულმა ვითარებამ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, დაგვანახა რეგიონში ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრის დაარსების საჭიროება.
2018 წლის დასაწყისში პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია HumanDoc Foundation-თან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის (Polish AID) დახმარებით გავხსენით სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონში დღემდე ერთადერთი თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათზე დამოკიდებული პირებისთვის.
დღის ცენტრის დაარსების და მისთვის კომფორტული სივრცის შექმნის ინიციატივით მივმართეთ ძველ პარტნიორს, პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია HumanDoc Foundation-ს. ინიციატივას მალევე ფრთები შეესხა. 2019 წლის ნოემბერში ისევ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის (Polish AID) დახმარებით გავხსენით „ოჯახის მხარდაჭერის ცენტრი“, რომელიც უზრუნვეყოფილია სხვადასხვა სამუშაო სივრცეებითა და ბენეფიციარებთან მუშაობისთვის საჭირო ინვენტარით.
დიახ, „მერკურმა“ დაარსა არა უბრალოდ დღის ცენტრი ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი შვილებისთვის, არამედ „ოჯახის მხარდაჭერის ცენტრი“ , რომელიც გულისხმობს სერვისის გაწევას ოჯახის ყველა წევრისთვის ასაკის, სქესის თუ სოციალური სტატუსის (მსხვერპლი, მოძალადე) მიუხედავად. ისევე როგორც „მერკურის“ თავშესაფარი, ოჯახის მხარდაჭერის ცენტრიც სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონს ემსახურება.
ცენტრის მიერ შემოთავაზებული აქტივობები/მომსახურება მოიცავს შემდეგს:
- ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია ქალებისთვის;
- ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია ბავშვებისთვის;
- იურიდიული დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (სხვა იურიდიული მომსახურების გაწევა განქორწინების პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებში, როგორიცაა ფინანსური და საცხოვრებლის პრობლემები და ა.შ.);
- სოციალური მუშაკის გრძელვადიანი მხარდაჭერა;
- არაფორმალური განათლების შესაძლებლობები;
- რესოციალიზაციის ღონისძიებები;
- ინდივიდუალური კონსულტაციები ფსიქოლოგთან;
- მოძალადეების ქცევის კორექციის პროგრამა;
- რეფერალი;
- პროფესიული ტრენინგები ქალებისთვის (საჭიროების შემთხვევაში);
- ქალთა კლუბი/ქსელური აქტივობები;
სერვისები და პროგრამების ჩამონათვალი ამით არ სრულდება ყოველთვის არის იდეები მათი შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ვაგრძელებს ტრენინგებს პერსონალის ახალი კომპეტენციებით აღჭურვისთვის, რათა უფრო ხარისხიანად შევძლოთ იმ ადამიანების ცხოვრების შეცვლა, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება. გასაკეთებელი და სასიკეთოდ შესაცვლელი კი ნამდვილად ბევრია.
„მერკურის“ გუნდი მუდმივად ცდილობს შეცვალოს ადამიანების ცხოვრება სასიკეთოდ! ჩვენ გვსურს მეტი გავაკეთოთ ცხოვრების შესაცვლელად!